მიწის ნაკვეთები, რომელსაც მოქალაქე ვერ დაირეგისტრირებს, სახელმწიფოზე ან მუნიციპალიტეტზე დარეგისტრირდება, - აღნიშნულის შესახებ სჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა.
დავით დევიძის თქმით, სააგენტოს მიზანი, პირველ რიგში, კერძო მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება და მათი რეგისტრაციაა, თუმცა, არის ტერიტორიები, რომელთა რეგისტრაცია გარკვეული ნიუანსების გამო ვერ ხერხდება.
„სამუშაოს დასრულების შემდეგ არ დარჩება არცერთი ნაკვეთი, რომელზედაც არ იქნება საკუთრება რეგისტრირებული, არ იქნება აზომილი და განსაზღვრული მისი ფართობი, მდებარეობა, კოორდინატები და ყველა სხვა მონაცემი, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, სახელმწიფომ დაითვალოს კონკრეტულად რა მიწის ნაკვეთები აქვს, რა ფართობებია, როგორი კონფიგურაციაა და სად მდებარეობს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მიზნობრივი პროექტების განხორციელება“, - განაცხადა დავით დევიძემ.
შეგახსენებთ, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022 წლიდან დაიწყო 59 მუნიციპალიტეტში, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისის მერიის მიერ განსაზღვრულ არეალებზე. დღეისათვის აზომილია 524 ათასამდე მიწის ნაკვეთი - 172 ათასი ჰა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 426 ათასი ნაკვეთი. რეგისტრაცია 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.