საზოგადოება
11.10.2023 15:55
„ერთად ნინოსთვის“ - მეგობრები ნინო მეგრელიშვილის დასახმარებლად გაერთიანდნენ

რამდენიმე დღეა, ნინო მეგრელიშვილის დასახმარებლად მეგობრები გაერთიანდნენ და სოციალურ ქსელში კამპანია „ერთად ნინოსთვის“ წამოიწყეს.

ნინო მეგრელიშვილს ხელოვნური სახსრის ინპლანტირება ესაჭიროება. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ამ ტიპის ოპერაციული ჩარევა საქართველოში მხოლოდ ერთ კლინიკაშია შესაძლებელი და აღნიშნული ქირურგიული მკურნალობის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს.

როგორც „გორის მაცნესთან“ ნინო მეგრელიშვილმა აღნიშნა, უმჯობესი იყო, ინპლანტაცია ჩატარებულიყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ოჯახს ამისთვის არანაირი ფინანსური სახსრები არ გააჩნია.

„2023 წელს 7 თებერვალს უეცრად ვიგრძენი მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი, სამსახურში ვიყავი და ჩვეულებრივი სამუშაო დღე მქონდა. სასწრაფოდ გავიკეთე კვლევა და აღმოჩნდა, რომ მენჯის სახსარი იყო ამოვარდნილი. ეს სახსარი ნაოპერაციები იყო 19 წლის წინ და ამ ხნის მანძილზე მკვეთრად არ შევუწუხებივარ. მაშინვე წავედი ექიმთან და დაიგეგმა რეენდოპროთეზირების ოპერაცია, მაგრამ სახსარში ჩირქი აღმოჩნდა. თვეების მანძილზე ვიწექი და ველოდებოდი ინფექციის ალაგებას, იმედი მქონდა, რომ როგორმე დროულად დავძლევდი ამას. ჩემს თავს დავუთქვი, რომ ჩემი ერთადერთი შვილი - ალექსანდრე პირველ კლასში მე უნდა მიმეყვანა და სექტემბერში უკვე გამართულად უნდა შემძლებოდა სიარული.

ასეც უნდა ყოფილიყო წესით, მაგრამ დამეწყო გართულებები - გაკეთდა კიდევ ორი ოპერაცია, სიტუაცია თითქოს სტაბილური იყო, მაგრამ საბოლოოდ დადგინდა ინფიცირება, ჭრილობა ვერ შეხორცდა და დაიწყო სითხის დენა, რომელიც არაერთი ჩარევის მიუხედავად, ვერ მოგვარდა“, - გვითხრა ნინომ.

ნინო მეგრელიშვილი დარწმუნებულია, რომ დროულად შეძლებს გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობის ჩატარებას და რთული დღეები უკან დარჩება.

,,მიუხედავად ამ მძიმე პერიოდისა, ერთი წამით არ ჩამოვშორებივარ ჩემს საქმეს. დისტანციურ რეჟიმში ვაგრძელებდი მუშაობას, რამაც გაცილებით ადვილი გახადა ამ დღეების გადატანა. რთულია აქტიური ადამიანისთვის უეცრად ოთხ კედელში მომწყვდევა, ამიტომ ჩემს თავს არ მივეცი უფლება დეპრესიის, ცუდზე ფიქრის, მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ცუდი დღეები უკან დარჩება”, - აღნიშნა ნინო მეგრელიშვილმა.

15 წელია, ნინო არასამთავრობო სექტორში მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში, ქალთა მიმართ ძალადობის, განათლების განვითარების, დასაქმების და სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დახმარების მიმართულებით, არაერთი პროექტი განახორციელა.

საბანკო რეკვიზიტები ნინოს დასახმარებლად:

საქართველოს ბანკი - #GE09BG0000000395506023

თიბისი - #GE19TB7216145064300048

მიმღები ხათუნა ბალიაშვილი (გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ #ნინოსთვის).

კვირის ამბები