შიდა ქართლის მასშტაბით, მუზეუმებისა და ტურისტული ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მათ შორისაა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში მდებარე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმიც. რესტავრატორების გადაწყვეტილებით, შენობის სახურავს პირვანდელი სახე დაუბრუნდა. ამჟამად კი, ხის კარ-ფანჯრებისა და მოაჯირების საღებავით დამუშავების პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დანი ქონსთრაქშენ“-ი ასრულებს.
ცნობისთვის, გიორგი მაზნიაშვილის (1870-1937 წწ.) მშობლიურ სოფელში მდებარე სახლ-მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული ობიექტია კასპის მუნიციპალიტეტში. დაუმარცხებელი ქართველი გენერლის პირადი ნივთებისა და ფოტოარქივის მონახულების სურვილს ათასობით დამთვალიერებელი გამოთქვამს. შენობას აღდგენითი სამუშაოები 2006 წელსაც ჩაუტარდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, რეაბილიტაციის საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგა.
გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნის სიტყვები: „მე არც მენშევიკების გენერალი ვარ, არც ბოლშევიკების, მე საქართველოს გენერალი ვარ!“