ქალაქ გორის №8 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები მართა ჩიტიშვილი და დავით ჩიტაძე ფართომასშტაბიან გლობალურ ჰაკათონში NASA Space Apps Challenge 2023 მონაწილეობდნენ.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს, NASA-ს ჰაკათონის მთავარი თემა „Explore Open Science Together“ იყო. მონაწილეებს დედამიწის და კოსმოსის ყველაზე დიდი გამოწვევებიდან მოუწიათ გამოსავლის მოძებნა.
„NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი გლობალური ჰაკათონია, რომელიც 225-ზე მეტ სხვადასხვა ადგილას, 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებს და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად აერთიანებს. პროექტის მიზანს მსოფლიო მასშტაბით პერსპექტიული ახალგაზრდების პოვნა და მათი შესაძლებლობების პლანეტისთვის სასარგებლოდ გამოყენება წარმოადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ჰაკათონში, რომელიც 6-8 ოქტომბერს ჩატარდა, შიდა ქართლიდან კიდევ ერთი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.