ზუსტად ერთი საუკუნის წინან, 1920 წლის 20 თებერვალს გორში მომხდარმა მიწისძვრამ ქალაქი და მისი შემოგარენი მთლიანად გაანადგურა. პირველი ძლიერი ბიძგი 20 თებერვალს, ღამით, 02:55 საათზე დაფიქსირდა, განმეორებითი კი, დღისით - 14:45 საათზე. რიხტერის შკალით, მიწისძვრის მაგნიტუდა 6,2 ერთეულს შეადგენდა, ხოლო მერკალის შკალის მიხედვით, ბიძგების ინტენსივობა მიწისძვრის ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. ყველაზე ძლიერი, 9-ბალიანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კილომეტრში მდებარე სოფელ ხიდისთავში. გორში მიწისძვრის სიმძლავრე 8 ბალს შეადგენდა, ისევე როგორც გორის მაზრის სოფლების უმრავლესობაში. ბიძგები მთელი საქართველოს მასშტაბით იგრძნობოდა.
მიწისძვრამ გორის მაზრაში 129 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა 661, სტიქიამ დააზარალა 7118 ოჯახი. დაინგრა შენობები, ეკლესიები, ისტორიული ძეგლები.
გორის მიწისძვრიდან 100 წლის შემდეგ, დღეს, 13 საათზე, გორის საკათედრო ტაძარში, მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება.
14 საათზე კი, სერგი მაკალათიას სახელობის გორის ესტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფოტოგამოფენა მოეწყობა და დაინტერესებულ პირებს ვიდეოკოლაჟს შეთავაზებენ.