საზოგადოება
10.10.2023 13:36
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზემო ნიქოზში, სკოლის ტერიტორიაზე, მარწყვის სათბური მოეწყო

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზემო ნიქოზში სკოლის ტერიტორიაზე მარწყვის 500 კვ.მ ფართობის სათბური მოეწყო.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, განხორციელებული პროექტი საჯარო სკოლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოების შექმნას, ქართულ სასკოლო განათლების სისტემაში Enterprise to School სწავლების მეთოდის დანერგვას გულისხმობს. პროექტი თავის მხრივ, საქართველოს საჯარო სკოლების ტერიტორიაზე, სხვადასხვა საწარმოების მოწყობას და ახალი ბრენდის შექმნას ითვალისწინებს.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის შედეგად, მოსწავლეები პრაქტიკაში შეძლებენ ისწავლონ  საწარმო და აგრო ტექნოლოგიები, მარკეტინგი, გაყიდვები, ბრენდინგი, მართვა/ლოჯისტიკა, მეწარმეობა და ყველა იმ საჭირო რგოლის უნარ-ჩვევა, რაც საჭიროა საწარმოს მართვის თუ ახალი ბრენდის შექმნა-განვითარებისთვის.

ამავდროულად, სკოლებს ექნებათ საკუთარი და დამოუკიდებელი შემოსავალი, რომელსაც დახარჯავენ განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა პროექტებში.

„პროგრამის ფარგლებში, პირველ საპილოტე ლოკაციად შეირჩა სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა. მოგეხსენებათ, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელს, რომელიც ცხინვალისგან სულ რამდენიმე მეტრშია და იქიდან კარგად ჩანს ცხინვალის ქუჩებიც.

ვინაიდან სოფელი ზემო ნიქოზი არის ჩვენი პროექტის პირველი პროექტი, მოხდება მიმდებარე ტერიტორიის განვითარება და პროექტის საბაზისო ადგილად იქცევა, სადაც გაიმართება სხვადასხვა მუდმივი კამპანიები პროექტები და ღონისძიებები. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, გულისხმობს მარწყვის დარგვას, ტერიტორიაზე კაფეს მოწყობას, მშვიდობის ფესტივალის დაფუძნებას და სხვა აქტივობებს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

კვირის ამბები