2024 წლიდან პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდება.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„განვიხილეთ სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებული საკითხი. მშობლების ინტერესის გათვილისწინებით, საკითხზე მუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ.
სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, მიგვაჩნია, რომ ობიექტური წყალგამყოფია 31 დეკემბრის ჩათვლით, ვისაც 6 წელი შეუსრულდა.
ცვლილება ძალაში შევა მომავალ სასწავლო წელს და სკოლაში შესვლა შეეძლება მას, ვისაც 6 წელი შეუსრულდა 1-ელ დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 წლებში უკვე მათაც შეეძლებათ სკოლაში შესვლა, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდება.
ეს გადაწყვეტილება არის ნებაყოფლობითი და თუ მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვი არაა სკოლისთვის მზად, ბაღს ვუტოვებთ ვალდებულებას და მშობელს შეუძლია დატოვოს ბაღში და ერთი წლის შემდეგ შეიყვანოს სკოლაში“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრის ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს, პირველკლასელი დამატებით, დაახლოებით 5 ათასი ბავშვი გახდება.