გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ. თანამედროვე რეჟისორი მამუკა ტყემალაძე, მალე, გორელ თეატრისმოყვარულებს ლაშა იმედაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „იესოს საქმეს“ წარუდგენს.
„სამაგიდო მუშაობა თითქმის დავასრულეთ და სადაცაა, სარეპეტიციოდ სცენაზე გადავინაცვლებთ. ამ დროისთვის, უკვე დაწყებულია სცენის დეკორაციებისა და ესკიზების შექმნაზე მუშაობაც. რაც შეეხება უშუალოდ სცენარის შინაარსს, ეს გახლავთ ფსიქოლოგიური ხასიათის სპექტაკლი, რომელიც ბიბლიურ სიუჟეტზეა აგებული და ქრისტეს ჯვარცმის საქმის იურიდიულ განხილვას მოიცავს. წარმოდგენაში ორი მსახიობი - კახა ბერიძე და ზაზა ცარულაშვილი მონაწილეობს. სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება 21-22 მარტსაა ჩანიშნული. დანარჩენს კი, წარმოდგენიდან შეიტყობთ“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ.
ცნობისთვის, ზემოხსენებული წარმოდგენა ერთმოქმედებიანია და გ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტულ, მესამე სივრცის სცენაზე 1 სთ და 10 წთ. გაგრძელდება.