საზოგადოება
09.10.2023 12:37
,,ჰამასი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელში მძევლად 130 პირი აიყვანეს, მათ შორის არიან ბავშვები, მოხუცები და სამხედროები

იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ,,ჰამასი“ ავრცელებს, ისრაელში მძევლად 130 პირი აიყვანეს.

გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, მძევალთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედროები და ისრაელის თავდაცვის ძალების მაღალი თანამდებობის პირები.

 

შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 700-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 2000-ს აჭარბებს. დაღუპულები და დაშავებულები არიან როგორც ისრაელელებს, ასევე პალესტინელებს შორის.

,,ჰამასის“ მხრიდან განხორციელებული შეტევის გარდა, ისრაელის მიერ კოტროლირებად სამ სამიზნეზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ლიბანის სამხედრო დაჯგუფებამ და უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ ,,ჰეზბოლამ“ აიღო. როგორც ,,ჰეზბოლას“ განცხადებაშია ნათქვამი, მათ საარტილერიო ჭურვები და მართვადი რაკეტები ,,ჰამასის" მიმართ ,,სოლიდარობის ნიშნად" გაისროლეს.

8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე, ომი ოფიციალურად გამოაცხადა.

ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი ქართველი ებრაელია.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

კვირის ამბები