გორში, თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, ნუგზარ სხირელის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრებაში 2004-2006 წწ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ქართველებთან ერთად, ტურნირში სომეხი, აზერბაიჯანელი, ყაზახი, მაკედონიელი, ამერიკელი და უკრაინელი მოჭიდავეები ასპარეზობდნენ.
სპორტსმენები ერთმანეთს 10 წონით კატეგორიაში (57, 61, 65, 70, 74, 79, 86, 92, 97, 125 კგ.) დაუპირისპირდნენ.
გორელთაგან გამარჯვებულის ტიტული ნიკა ზანგალაძემ (57 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლა) და დაჩი პაპინაშვილმა (86 კგ. ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლა) მოიპოვეს. რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მას ნიკა ხვედელიძე (57 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლა) დაესაკუთრა. ზურაბ აბალაკი (65 კგ. ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლა) კი შეჯიბრების ბრინჯაოს პრიზიორია.
გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილის მფლობელებს შესაბამისი სინჯის მედლებთან ერთად, თასები და სიგელები გადაეცათ.
ტურნირი, რომელსაც გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული და მსოფლიო ფედერაციების მხარდაჭერით გაიმართა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის მემორიალური ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერის - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, პირველად 2021 წელს ჩატარდა. შეჯიბრებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველ წელს იმართება.