ფესტივალი „ღვინის დღეები“ გორში თეატრის სკვერში იმართება. ფესტივალი 14:00 საათზე, ქართული ღვინის დეგუსტაციით და გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ მრავალფეროვანი ქართული ღვინო და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში.
მოწყობილია კვების სივრცეებიც, სხვადასხვა კუთხეში მზადდება ჩურჩხელა, იწვება წაბლი, მწვადი, სახელდახელოდ მოწყობილ თონეში ცხვება პური, ასევე მსურველებს საწნახელში ყურძნის დაწურვის შესაძლებლობაც აქვთ. ფესტივალის ფარგლებში ტარდება შემეცნებითი და გასართობი აქტივობებიც - თიხის ჭურჭლის ძერწვა, ღვინით ხატვა, ტილოზე ხატვა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, ქართული ცეკვის შესწავლა.
ფესტივალზე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და გორში სტუმრადმყოფი ლატვიისა და პოლონეთის დელეგაციები.
„ღვინის დღეები“ კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „ჩვენებურები“ და ბენდი „New One“ კონცერტი 19 საათზე დაიწყება და ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
8 ოქტომბერს კი კვლავ თეატრის სკვერში ,,გორის დღე 2023“ გაიმართება. ღონისძიებები 12 საათიდან დაიწყება და 23 საათზე გალა-კონცერტით დასრულდება.
7-8 ოქტომბერს გორში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, მუნიციპალური ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებენ.
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტებში შემდეგი ცვლილებებია დაგეგმილი:
ავტობუსი 2, 2ა, 4ა, 5ა, 7, 6, 6ა ჭავჭავაძის გამზირის (თეატრის მიმდებარე ტერიტორია) ნაცვლად გადაადგილდება ამილახვრის ქუჩით.