ფესტივალი „ღვინის დღეები“ გორში ხვალ, 7 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, თეატრის სკვერში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ მრავალფეროვანი ქართული ღვინო და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში.
რაც შეეხება პროგრამას, „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ფესტივალი 14:00 საათზე ქართული ღვინის დეგუსტაციით და გამოფენა-გაყიდვით გაიხსნება.
მოეწყობა, ასევე, კვების სივრცეები (მწვადი, ჩურჩხელა, თაფლი, ხინკლუკების ჩიფსები, შემწვარი წაბლი, ელარჯის ბურთულები), პურის ცხობა, ღვინის დაწურვა საწნახელში, ჩურჩხელების ამოვლება.
ფესტივალის ფარგლებში შემეცნებითი და გასართობი აქტივობებიც (თიხის ჭურჭლის ძერწვა, ღვინით ხატვა, ტილოზე ხატვა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, ქართული ცეკვის შესწავლა) ჩატარდება.
„ღვინის დღეები“ კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლი „ჩვენებურები“ და ბენდი „New One“ მიიღებს (19:00-21:00 საათი).
შეგახსენებთ, ფესტივალი „ღვინის დღეები“, 7-დან 15 ოქტომრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით გაიმართება.