გორი, თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის (18-20 წელი), ნუგზარ სხირელის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეჯიბრებას საერთაშორისო სტატუსი აქვს, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების კალენდარშია შეტანილი და მონაწილეობას საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მაკედონია, უკრაინა) ახალგაზრდული ნაკრებებიც მიიღებენ.
სპორტსმენები ერთმანეთს 10 წონით კატეგორიაში (57, 61, 65, 70, 74, 79, 86, 92, 97, 125 კგ.) დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილის მფლობელებს შესაბამისი სინჯის მედლებთან ერთად, დიპლომები გადაეცემათ.
ნუგზარ სხირელის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 7-8 ოქტომბერს გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
შეგახსენებთ, ნუგზარ სხირელი მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული მწვრთნელი, გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ფუძემდებელი იყო. მის სახელს არაერთი სპორტსმენის წარმატება უკავშირდება. სხირელმა ქვეყანას ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები აღუზარდა.