დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდა - პედაგოგთა კონკურსის საუკეთესო ხუთეულში მყოფი გორელი მასწავლებელი ნინო ფსუტური ჟიურის რჩეული და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. ნინო ფსუტური გორის მერვე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელია
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ტრადიციულად, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდა.
ნინო ფსუტური 2006 წლიდან მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა. რაც შეეხება მერვე სკოლას, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმატებული პედაგოგი 2008 წლიდან ბიოლოგიას ასწავლის.
შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.