საზოგადოება
19.02.2020 14:12
საქართველოში იმპორტირებული ქათმის გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა 40%-ს აღწევს - რას ითვალისწინებს ახალი რეგლამენტი

საქართველოში სარეალიზაციო ფრინველის ხორცთან დაკავშირებით ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. ახალი რეგლამენტით, გაყინულ და სწრაფად გაყინულ ქათმის ხორცში წყლის შემცველობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ახალი რეგლამენტი მომხმარებელთა უფლებებს უფრო მეტად დაიცავს, ვინაიდან, ზოგიერთი ქვეყნიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა 40%-საც კი აღწევდა.

„ეს იყო მოსახლეობის მოტყუება – გამოდის, მომხმარებელი ორმაგ ფასს იხდიდა, რადგან ეტიკეტზე არ იყო ინფორმაცია, რომ ნახევარ ღირებულებას წყალში იხდიდა. აქამდე, ქათმის ხორცში წყლის შემცველობასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ მოქმედებდა და მომხმარებელი დაუცველი¬ იყო. მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რამდენ წყალს შეიცავდა შეძენილი პროდუქტი. ამჯერად,შემუშავდა ფრინველის ხორცის ტექნიკური რეგლამენტი, რაც მარკეტინგული სტანდარტია და აწესებს მოთხოვნას, რომ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ტანხორცსა და ახალ, გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში წყლის საერთო შემცველობა, გამოყენებული გაცივების მეთოდის მიუხედავად, 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება მონიტორინგს, ქათმის ხორცი საბაჟო პროცედურების დროს და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად შემოწმდება. პროდუქციის შემომტანს თან უნდა ჰქონდეს ვეტერინარული სერტიფიკატი, სადაც ქათმის ხორცში წყლის შემცველობა იქნება მითითებული, თუ შემოტანილი პროდუქცია ვერ დააკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის პარამეტრებს, პარტია მწარმოებელ ქვეყანაში გაბრუნდება“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამმართველოს უფროსმა მაია ბერუაშვილმა.

არსებული სტატისტიკით, ფრინველის ხორცის წლიური მოხმარება საქართველოში, ერთ სულ მოსახლეზე 13 კილოგრამს შეადგენს.

კვირის ამბები