პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ჟურნალისტიკაში, ევროკავშირის 2023 წლის სპეციალური პრიზის მოსაპოვებლად, კონკურსი ცხადდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის გაიცემა, რომელიც საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას უწყობს ხელს.
„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში შემდეგ შვიდ კატეგორიაში გაიცემა: საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში; საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში; საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში; საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში; ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში; ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო და საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ოლაინ მედიაში.
პირველ 7 კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 5 200 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი, პროფესიული მივლინებით, ერთი თვით გაემგზავრება „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ სათაო ოფისში, ლონდონში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა განაცხადის ონლაინ ფორმა eu 4 georgia . eu / ka / eu prize for journalism უნდა შეავსოს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1-ელი ნოემბერი, 18:00 საათი.
ცნობისთვის, ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში.