საზოგადოება
05.10.2023 12:17
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ძევერაში ახალაშენებული სახლები გადაეცათ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, იძულებით გადაადგილებულ 10 ოჯახს ახალაშენებული სახლი გადაეცა.
დევნილ ოჯახებს სახლების გასაღებები დევნილთა, სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა გადასცეს.

„სოფელ ძევერაში დევნილი ოჯახებისთვის სახლები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში აშენდა და სრულად გარემონტდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ასევე, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. აღსანიშნავია რომ, ხუთ და მეტ სულიან დევნილ ოჯახებს, 9 ოქტომბრის ჩათვლით, კვლავ აქვთ შესაძლებლობა სოფელ ძევერაში სახლის მიღების მოთხოვნით განაცხადი გააკეთონ“, - აცხადებენ სააგენტოში.

პროექტი - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ახორციელებს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.
კვირის ამბები