„სათემო ლიდერთა ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად, სათემო ორგანიზაციების და ჯგუფების წარმომადგენელთა რეგისტრაცია დაიწყო.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით იმართება, კახეთი („რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“) უმასპინძლებს და 16-17 ნოემბერს მოიცავს.
ფორუმის ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელ ფორუმზე მონაწილეები მოისმენენ სხვადასხვა სათემო ორგანიზაციის გამოცდილებას, გაეცნობიან პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ საინტერესო და გამორჩეულ სათემო პროექტებს და ინიციატივებს, მონაწილეობას მიიღებენ 2021-2022 წლების საუკეთესო სათემო ინიციატივის დაჯილდოების ცერემონიაში. დაესწრებიან, ასევე, ერთბლივ და პარალელურ ინტერაქტიულ სესიებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ადგილობრივ თვითმმართველობასთან სათემო ორგანიზაციების და ჯგუფების თანამშრომლობა, არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები; სოფლის/თემის ისტორიული მეხსიერება და კულტურული მემკვიდრეობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და აგორტურიმზი საქართველოში.
„თუ ხართ სათემო ჯგუფის/ორგანიზაციის წარმომადგენელი და გსურთ დაესწროთ ფორუმს, რომლის განმავლობაშიც გააცნობთ საზოგადოებას თქვენს საქმიანობას, გაიღრმავებთ კონტაქტებს სხვა თემის წარმომადგენლებთან, გაუზიარებთ საკუთარს და მოისმენთ სხვა სათემო ლიდერთა გამოცდილებას, მაშინ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 15 ოქტომბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე: https:// form. jotform. com/232032634353447.
ფორუმზე დასწრება შეზღუდულია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეირჩევა მხოლოდ 60 სათემო ორგანიზაციის/ჯგუფის წარმომადგენელი. შერჩეულ ორგანიზაციებს და მათ წარმომადგენლებს პროგრამა დაუფარავს ღონისძიებაში მონაწილეობის ხარჯებს: კერძოდ, ღამისთევას და კვებას, ასევე უზრუნველჰყოფს მათ ტრანსპორტირებას თბილისი-წინანდალი-თბილისის მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „სათემო ლიდერთა ფორუმი“ იმართება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. წლევანდელი ფორუმის მხარდამჭერები, ასევე, არიან: ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“, გაეროს განვითარების ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“ და ბირმინგემის უნივერსიტეტი.