საზოგადოება
04.10.2023 15:50
ID ბარათისა და ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლს მარტივად გაივლიან

ID ბარათისა და ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო მარტივად გაივლიან, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა ბიომეტრიული პასპორტის და პირადობის ელექტრონული  მოწმობის უტყუარობის დამადასტურებელი ქვეყნის ხელმომწერი ძირითადი სერტიფიკატები (CSCA), რომლებიც ამავე ორგანიზაციის ღია გასაღებების დირექტორიაში (ICAO PKD) აიტვირთა.

„ღია გასაღებების დირექტორია დოკუმენტების უტყუარობის დადგენის ერთიანი სისტემაა, სადაც  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 193 ქვეყნის მონაცემებია განთავსებული, რაც ხელს უწყობს საზღვრებზე სახელმწიფოებს შორის სამგზავრო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას.

ქვეყნის ხელმომწერი ძირითადი სერტიფიკატების ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს სახელით გაცემული სამგზავრო დოკუმენტების სანდოობას. შედეგად, ID ბარათისა და ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო მარტივად გაივლიან“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები