კონფლიქტები
19.02.2020 13:53
რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო ცხინვალის რეგიონს შორის არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე პროდუქტებით დატვირთული ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდა

რამდენიმე დღეა, რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო ცხინვალის რეგიონს შორის არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე პროდუქტებით დატვირთულ ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდა. ახალმა რეგულაციამ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის შეშფოთება და პროდუქტებზე დეფიციტი გამოიწვია.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა ქალაქ ცხინვალშია.

,,რამდენიმე დღეა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან ტვირთების შეტანას ზღუდავენ, მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა, ფაქტია, რომ გარკვეული დეფიციტი უკვე შეიქმნა. მოსახლეობა შიშობს, შემდგომში უფრო რთული მდგომარეობა შეიქმნება, ამიტომ, ბევრი თადარიგს იჭერს და პროდუქტების გარკვეულ რაოდენობას იმარაგებს, რაც კიდევ უფრო მეტად ქმნის დეფიციტურ მდგომარეობას. ეს უფრო მეტად ეხება ცხინვალს, რაც შეეხება ოკუპირებულ დაბას - ახალგორს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მეურნეობას ეწევა, მათ ზამთრისთვის დამარაგებული აქვთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ეწევიან მესაქონლეობას და შესაბამისად, თუ პროდუქტების შეტანაზე შეზღუდვები გაგრძელდება, ცხინვალელებისგან განსხვავებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აუცილებელი საკვები პროდუქტების დეფიციტი ახალგორში არ შეიქმნება.

რთული მდგომარეობაა მედიკამენტებთან დაკავშირებითაც. მოგეხსენებათ, დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ქართული დასახელების მქონე სამკურნალო საშუალებებს ოკუპირებული რეგიონის ქსელიდან რამდენიმე დღეა იღებენ, ეს კი საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ქმნის. რეგიონის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი მკურნალობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში გაცემული დანიშნულებით იტარებს, ეს დანიშნულება კი სწორედ იმ მედიკამენტებს მოიცავს, რაც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სააფთიაქო ქსელებშია, შესაბამისად, ოკუპირებულ რეგიონში ქართული დასახელების წამლებზე შეზღუდვა პაციენტებს ბევრ პრობლემას შეუქმნის. ეს ყველაფერი კი - პროდუქტების შეტანაზე შეზღუდვა თუ ქართული დასახელების მედიკამენტების ამოღება, რეგიონში მცხოვრები როგორც ქართველი, ასევე ეთნიკურად ოსი მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.  

რუსეთის ფედერაციის გარდა, ოკუპირებულ რეგიონში პროდუქტების დიდი ნაწილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან შედიოდა, თუმცა, მას შემდეგ, რა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელში მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტეს, მდგომარეობა დამძიმდა და რეგიონი მთლიანად რუსეთის ფედერაციიდან შესულ ტვირთებზე დამოკიდებული აღმოჩნდა.

კვირის ამბები