ხვალ, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ტრადიციულად, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება. პედაგოგთა კონკურსის საუკეთესო ხუთეულში გორის მერვე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი ნინო ფსუტურიცაა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ნინო ფსუტური 2006 წლიდან მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა.
რაც შეეხება მერვე სკოლას, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინალისტი პედაგოგი 2008 წლიდან ბიოლოგიას ასწავლის.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში შიდა ქართლიდან კიდევ ერთი პედაგოგი, ნინო ნიპარიშვილი მოხვდა. იგი კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია.
შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.