საზოგადოება
04.10.2023 11:58
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა - ქართველ გმირს ივერი ბუაძეს მაიორის წოდება მიენიჭა

გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ პირადი შემადგენლობა უწყებრივი მედლებით, საპატიო სიგელებით და პირადი საჩუქრით დააჯილდოვა.

აკადემიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მორიგი სამხედრო წოდება - მაიორი მიენიჭა და მეორე ხარისხის მედალი თავდაცვის ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის გადაეცა, აკადემიის სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის ტაქტიკური მომზადების უფროს ინსტრუქტორს, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს კაპიტან ივერი ბუაძეს, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაზე ოჯახთან ერთად იყო მიწვეული.

რექტორმა მადლობა გადაუხადა პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა მათ.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უფროსმა ლეიტენანტმა ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის სიახლოვეს მოტორიზებული პატრულის დროს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო. ივერი ბუაძემ თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამი ქართველი სამხედროს გადარჩენა შეძლო, რისთვისაც მედლით - „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ დაჯილდოვდა, მიღებული აქვს მედალი „მხედრული მამაცობისთვის“.

ქართველ სამხედროს - ივერი ბუაძეს ამერიკელმა მედიკოსებმა სიკვდილზე გამარჯვებული შეარქვეს.
კვირის ამბები