საზოგადოება
03.10.2023 14:32
საგრანტო კონკურსი სოფლის საჯარო სკოლებისთვის

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი სოფლის საჯარო სკოლებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.

კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დაიწყო და როგორც ფონდში აცხადებენ, პროექტის მიზანია სასწავლო პროცესის ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო გამოწვევები აქვთ.

„პროექტი სამი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარადგინონ 100 სიტყვისგან შემდგარი პროექტი, რომელიც 1-ელ ნოემბერს სრულდება, ხოლო მეორე ეტაპი 20 დეკემბრამდე გაგრძელდება და მეორე ეტაპზე გადასულმა ოცმა სკოლამ უნდა წარადგინოს 200 სიტყვიანი პროექტი ხარჯთაღრიცხვით. 25 დეკემბერს კი გამოვლინდება 2 სოფლის საჯარო და 1 მაღალმთიანი სოფლის საჯარო სკოლის გამარჯვებული. პროექტის მსვლელობაში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული მოსწავლეები“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

რაც შეეხება თანხის რაოდენობას, სამი გამარჯვებული სკოლა 8 000-ლარიან გრანტს მიიღებს და ამ თანხით უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებებს.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე: https: // rb. gy /t7ie4

ცნობისთვის, გასულ წელს თამაზ ბექაიას ფონდის დაფინანსებით, გრანტი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო და თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა.
კვირის ამბები