კულტურა
03.10.2023 13:11
გორის შემოქმედებითი ტურიზმის სახელოსნოში მასტერკლასები ჩატარდა

ხალხური რეწვის ოსტატმა ნანული აზიკურმა და კერამიკოსმა გიორგი ტატულაშვილმა, გორის შემოქმედებითი ტურიზმის სახელოსნოში, მასტერკლასები ჩაატარეს. 

ორგანიზატორების ინფორმაციით, მასტერკლასები „ქართული ფარდაგის ქსოვის საფუძვლების  შესახებ“ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად და ღონისძიებას ქართული რეწვით დაინტერესებული ადგილობრივები ესწრებოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ედიშერაშვილმა აღნიშნა, რომ გორის შემოქმედებითი ტურიზმის სახელოსნო ორ მიმართულებას: ტურისტებისთვის ქართული რეწვის, ფოლკლორის გაცნობას და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ტრადიციული სახელოვნებო მიმართულებების შესწავლას მოემსახურება.

„საინფორმაციო და სასწავლო ვორქშოპების გარდა, სახელოსნო პერიოდულად  ფოლკლორულ საღამოებს, ნივთების გამოფენა-გაყიდვებს უმასპინძლებს. ასევე, ცენტრის მოსწავლეები, ადგილობრივ ოსტატებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალებსა და კონკურსებში,“ - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

მასტერკლასები გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

შეგახსენებთ, გორის შემოქმედებითი ტურიზმის სახელოსნო შეიქმნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობით, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერილი მცირე ინვესტიციით დაფინანსებული ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის - „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა“ ( THC 1130) ფარგლებში. 
კვირის ამბები