ტურიზმი
19.02.2020 12:38
შიდა ქართლის ტურისტული ობიექტების ნუსხას კიდევ ერთი განახლებული სივრცე შეემატება
შიდა ქართლის ტურისტული ობიექტების ნუსხას, მალე, კიდევ ერთი განახლებული სივრცე შეემატება. კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალქალაქში არსებული მეჩვიდმეტე საუკუნის ციხე-ქალაქისა და ღვთისმშობლის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტი ისტორიული ობიექტისთვის საუკუნეებისწინანადელი იერსახის აღდგენას და ძველი ტრადიციების გაცოცხლების ხელშეწყობას გულისხმობს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, პროექტი გარდამავალია და 2020-21 წლებში განხორციელდება, რისთვისაც კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 300 000 ლარი გამოყო. „რეაბილიტაციის შემდეგ, აღნიშნული ობიექტი შეძლებისდაგვარად დაიბრუნებს ძველ იერსახეს, რაც ტურისტების მოზიდვის დამატებითი ფაქტორი გახდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ციხე-ქალაქი, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრ ტურისტულ ობიექტთან ახლოს მდებარეობს და შესაბამისად, ტურის დაგეგმვისას, ვიზიტორებისთვის ამ ლოკაციის სანახავი ობიექტების სიაში ჩასმა არც რთული იქნება და არც უინტერესო. მითუმეტეს, კარგად ვიცით, უცხოელ დამთვალიერებელში როგორ დიდ ინტერესს იწვევს ჩვენი მდიდარი ისტორიული წარსული“, - აღნიშნა გიგი ხოჯევანიშვილმა.
მხარის რწმუნებულის თქმით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ლოკალურ დონეზე ბიზნესის განვითარებასაც. ადგილობრივები საოჯახო ტიპის სასტუმროების, გასართობი და კვების ობიექტების მოწყობასაც გეგმავენ.
კვირის ამბები