საზოგადოება
03.10.2023 01:05
მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ გორისა და კასპის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატის არჩევნებში აქტიური მხარდაჭერისთვის - გიორგი სოსიაშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის  შუალედურ არჩევნებზე #15 ოლქში (გორი-კასპი), ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სოსიაშვილმა ამომრჩეველთა 23 525 ხმა მიიღო.

№ 41 გიორგი სოსიაშვილი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) 23 523 ხმა; 

№ 34 მამუკა ტუსკაძე (საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“) 1 562 ხმა.

გიორგი სოსიაშვილი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საზოგადოებას მადლობას უხდის არჩევნებში აქტიური მხარდაჭერისთვის.

,,ძვირფასო მოქალაქეებო, მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ გორისა და კასპის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატის არჩევნებში აქტიური მხარდაჭერისთვის.

მმართველი გუნდის სამშვიდობო პოლიტიკა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური და სტაბილური განვითარებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საღად მოაზროვნე საზოგადოებისთვის და ამას „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ქვეყნის მასშტაბისა თუ კასპისა და გორის მუნიციპალიტეტის ლოკალური გამოწვევების კვალდაკვალ, გაცნობიერებული მაქვს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოკვეთილი საკითხების დარეგულირების საჭიროება და შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის გამოწვევების დასაძლევად გაერთიანება, ქართული სოფლის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული პროექტების გამრავალფეროვნება და განვითარება, განათლების ხელმისაწვდომობა და ხელშეწყობის აუცილებლობა. სწორედ განათლებული ახალი თაობა წარმოადგენს ეროვნული ღირებულებებით მოაზროვნე საზოგადოების შენებისთვის უალტერნატივო ფუნდამენტს. ეს ყველაფერი ჩვენი საზრუნავია და ამ შესაძლებლობების რეალიზება მხოლოდ მშვიდობიან გარემოში წარმომიდგენია!

შესაბამისად, დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას, მუდამ დავრჩები იმ პირობების ერთგული, რომლებიც ჩემი ამომრჩევლის წინაშე დავდე და კვლავ ვიმეორებ, რომ არ დავზოგავ ძალას, გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა გეგმაზომიერად და გონივრულ ვადებში მოხდეს ყველა აუცილებელი პროექტის განხორციელება.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილებების შესრულებისას, როგორც დაგპირდით, მაქსიმალურად ვიქნები კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, მუდამ მიგულეთ თქვენს გვერდით სადაც ჩემი, როგორც დეპუტატის შესაძლებლობები დაგჭირდებათ. გმადლობთ, კიდევ ერთხელ - ჩვენ ერთად ვიზეიმებთ საბოლოოდ გამარჯვებული საქართველოს სიხარულს”, - აღნიშნავს გიორგი სოსიაშვილი.

კვირის ამბები