ვარდისფერი ოქტომბერი - ასე მოიხსენიებენ ოქტომბერს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ორგანიზაციები და სამედიცინო ცენტრები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის.
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, ამ პერიოდში ხორციელდება არაერთი კამპანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს საჭირო ინფორმაცია და ამაღლდეს ცნობიერება.
მსოფლიოს სტატისტიკური მონაცემებით, ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა ქალებში ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს შორის. თუმცა, საბედნიეროდ, დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის შემთხვევაში, 100 შემთხვევიდან 98 განკურნებით სრულდება.
ინფორმაციისთვის, საქართველოში მოქმედი სკრინინგ-ცენტრები დაავადების გამოსავლენად შესაბამისი პროცედურების ჩატარებას 40-70 წლის ქალებს უფასოდ სთავაზობენ. სკრინინგის პროგრამა ხელმისაწვდომია გორშიც.
პროგრამის ფარგლებში, ხელმისაწვდომია 4 სახის კვლევა: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი; მამოგრაფია; კოლორექტალური სკრინინგი და წინამდებარე ჯირკვლის - პროსტატის სკრინინგი.
პროგრამით გათვალისწინებული კვლევებით სარგებლობა გარკვეული ასაკობრივი ბარიერებით განისაზღვრება: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის (3 წელიწადში ერთხელ);
მამოგრაფია - სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის (2 წელიწადში ერთხელ);
კოლორექტალური სკრინინგი (ფარულ სისხლდენაზე ტესტი), მოიცავს 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებს და მამაკაცებს (ორ წელიწადში ერთხელ);
წინამდებარე ჯირკვლის - პროსტატის სკრინინგი, 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის (2 წელიწადში ერთხელ).