სოფლის განვითარების სააგენტო, საპილოტედ, შიდა ქართლელ და კახელ ფერმერებს ახალ საექსტენციო პაკეტს შესთავაზებს. კერძოდ, ახალი პროგრამის საშუალებით, საპილოტედ, ქვეყნის 2 რეგიონში - შიდა ქართლსა და კახეთში გავრცელებული ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება თანამედროვე საექსტენციო პაკეტი, რაც გულისხმობს, ფერმერებისთვის ამინდის გათვალისწინებით შემუშავებული რეკომენდაციების მიწოდებას.
„აგრო-მეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის აღჭურვილობის და შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის დაინერგება, GECSA-ს სისტემა, რომელიც ვებ-აპლიკაციაზე დაფუძნებული ციფრული პლატფორმაა აგრო-მეტეოროლოგიური სერვისებისთვის. პროექტის სამიზნე რეგიონებში - კახეთსა და შიდა ქართლში ერთიან სისტემაში ჩაერთვება 15 ახალი და 19 რეაბილიტირებული მეტეოსადგური. დარგის სპეციალისტების მიერ მომზადებული რეკომენდაციები გასატარებელი აგროოპერაციების შესახებ დაეგზავნება მიზნობრივი რეგიონებიდან, კახეთიდან და შიდა ქართლიდან, პროგრამის ფარგლებში შერჩეული კულტურების, კერძოდ, ვაშლის, ვაზის, ატმის, ნექტარინის, ხორბლისა და სიმინდის მწარმოებლებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.