საზოგადოება
01.10.2023 20:15
გორი-კასპის საარჩევნო ოლქში 20:00 საათზე უბნები დაიხურა და ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს

20:00 საათზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადაიგზავნება ცესკოში. რის შემდეგაც, ცესკო-ს ექნება საშუალება, აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოაქვეყნოს წინასწარი, პირველად შედეგები.

რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით მიმდინარეობდა, ხმის დათვლის შემდეგ, შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით პირდაპირ ცესკოში გადაიგზავნება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შედეგების დამუშავების და შემდგომი გამოქვეყნების დროს.

საუბნო შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

შეგახსენებთ, გორი-კასპის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარის შუალედული არჩევნები ჩატარდა.
რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა გურჯაანშიც, სადაც ამომრჩეველმა მერი აირჩია.

კვირის ამბები