საზოგადოება
01.10.2023 16:47
კულტურის სამინისტრომ ახალგაზრდებისთვის სტაჟირების კონკურსი გამოაცხადა
 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ახალგაზრდებისთვის სტაჟირების ღია კონკურსი გამოაცხადა.

უწყების ინფორმაციით, პოზიციაზე გამოცხადებულია არაანაზღაურებადი სტაჟირება. ადგილების რაოდენობა მოიცავს სამს, ხოლო განაცხადების მიღების ბოლო ვადა 7 ოქტომბერია.

„პოზიციის დასაკავებლად აუცილებელია: საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, მედიახელოვნებისა ან/და მასობრივი კომუნიკაციის სფეროში უმაღლესი განათლება; შესაძლებელია კანდიდატი იყოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის, ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი“, - აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება კანდიდატის ფუნქცია-მოვალეობებს, კონკურსანტს უნდა შეეძლოს მედიამონიტორინგის მიმართულებით საქმიანობა; სამინისტროს ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; მედიისთვის მასალების მომზადება და გადაგზავნა; ყოველდღიური პრესის დაიჯესტის მომზადება; უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეუძლია hr. gov. ge-ზე.
 
 
კვირის ამბები