საზოგადოება
01.10.2023 16:35
2024 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩევლების 90 პროცენტი არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით მიიღებს მონაწილეობას

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების პროცესში დიდი რაოდენობით არის საჯაროობის და გამჭვირვალობის კომპონენტი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, 2024 წლისთვის, ამომრჩევლების 90 პროცენტი მიიღებს არჩევნებზე სერვისს ამ ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლისთვის, ამომრჩევლების 90 პროცენტი მიიღებს არჩევნებზე სერვისს ამ ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით. ასევე აღსანიშნავია, რომ ტრადიციული უბნების ნაწილში ჩვენ მოდერნიზების მთელი რიგი ელემენტები გვაქვს გათვალისწინებული. მათ შორის, ბიულეტენების გაციფრულება და საჯარო ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროცესში დიდი რაოდენობით არის საჯაროობის და გამჭვირვალობის კომპონენტი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ სადაც ტექნოლოგიები იქნება, ყველა საარჩევნო უბნის შედეგები იქნება გადათვლილი, ასევე, დამატებით წილისყრით გამოვლინდება როგორც ტრადიციულ, ისე მოდერნიზებულ უბნებზე ის უბნები, ე. წ. ლატარიის პრინციპით სადაც მოხდება გადათვლები, რაც უზრუნველყოფს უპრეცენდენტო შემთხვევას შედეგების გადათვლისა და გამჭვირვალობის საარჩევნო პროცესში. ამასთანავე, აღსანიშნავია ის, რომ არც ვერიფიკაციისა და არც ხმების მოთავსებისა და დათვლის აპარატის ნაწილში არ იქნება ინტერნეტის კომპონენტი გამოყენებული, რაც ხსნის მოწყვლადობას აპარატებთან მიმართებაში კიბერსაფრთხეების და კიბერთავდასხმების ნაწილში. შესაბამისად, რისკები დაზღვეულია, უზრუნველყოფილია შესაბამისი პრევენციული გეგმები და მოვუწოდებ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომ ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას კენჭისყრის მაღალ დონეზე ადმინისტრირებაში. რა თქმა უნდა, მათ მიეცემათ ყველას დაკვირვებისა და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ყველა საარჩევნო უბანზე. თხოვნა მექნება, რომ ხელი შეუწყოთ ერთობლივად ამ მნიშვნელოვანი პროცესის მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას”, - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

კვირის ამბები