საარჩევნო უბნებზე, სადაც ხმის მიცემის პროცედურა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლის გამოკითხვას აწარმოებს.
ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, გამოკითხვის თანახმად, აპარატების მიმართ სანდოობის და სიმარტივის მიმართებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
,,უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენ ვატარებთ საარჩევნო უბნიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვას, ე. წ. ეგზიტპოლს, პროფესიულ ეგზიტპოლს, რომელიც მდგომარეობს კმაყოფილების დადგენას ამომრჩევლების მიერ აპარატების მიმართ მიმღებლობაში და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე გამოკითხული ამომრჩევლებიდან, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია აპარატების მიმართ სანდოობის, სიმარტივისა და კმაყოფილებასთან მიმართებაში“, - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტის მაჟორიტარის შუალედური არჩევნები ტარდება გორი-კასპის ოლქში, გურჯაანში კი - მერის რიგგარეშე არჩევნები.
მთლიანობაში, 133 საარჩევნო უბანია გახსნილი ორივე ოლქში, საიდანაც ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ტარდება.
№32 გორის და №30 კასპის საარჩევნო ოლქებში, მთლიანობაში, 97 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 134 066 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 75 უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, დანარჩენ უბნებზე კი - აქამდე არსებული მეთოდით.