დღეს გვაქვს შესაძლებლობა, 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები. არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი ტექნოლოგიების გამოყენებით, - ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცესკო-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის არჩევნები საარჩევნო პროცესის მოდერნიზების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
„დღეს გვაქვს შესაძლებლობა, 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები. არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი ტექნოლოგიების გამოყენებით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლების აქტიურობა. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი. ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა.
რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცედურებს, შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
კენჭისყრა სულ 133 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ტარდება. აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ ასეთ უბნებზე განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე.
დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდება, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, დაცულია ხმის მიცემის ფარულობა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლაც. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს.
პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დღეს ასევე დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
დღეს, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ“,- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
შეგახსენებთ, დღეს, შიდა ქართლში ამომრჩეველი გორი-კასპის მაჟორიტარს ირჩევს, კახეთში კი, მერის არჩევნები ტარდება გურჯაანში.