ცნობილი გორელი მწერლის, გიორგი მახარობლიძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მწერალთა სახლის ორგანიზებით, გურამიშვილის ქუჩაზე, 102-ში, იმ სახლის ფასადზე, სადაც მწერალი ცხოვრობდა, გიორგი მახარობლიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიას მახარობლიძის ოჯახის წევრები, მეგობრები, მწერლები, საზოგადოების და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მემორიალური დაფა გიორგი მახარობლიძის შვილმა, მარიამმა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანერლთან, რამაზ შიოშვილთან ერთად გახსნა.
მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ, ცერემონიის მონაწილეებმა გვირგვინით შეამკეს გარდაცვლილი მწერლის საფლავი, სადაც სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს.
დღის ბოლოს, 17 საათზე, გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გიორგი მახარობლიძის საიუბილეო საღამო გაიმართება.
გიორგი მახარობლიძე 1960 წლის 18 თებერვალს დაიბადა. ცნობილი პოეტი, 2017 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.