ძალზე მნიშვნელოვანია ამომრჩევლის აქტიურობა, რომ პირველ რიგში, მოვიდნენ და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატი, ხოლო მეორე რიგში კი გამოსცადონ ის საარჩევნო სერვისები, ტექნოლოგიები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია სიახლის სახით სთავაზობს მათ, - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გორის საარჩევნო უბნებზე ვითარების გაცნობისას.
გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თუ გამოიკვეთება ისეთი საკითხი, რომელიც ცესკო-ს მხრიდან ყურადღების მიქცევას საჭიროებს, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება უფრო მეტად დახვეწილი და გაუმჯობესებული.
,,შევახსენებ ამომრჩევლებს გორსა და კასპში, რომ დღეს ისინი აირჩევენ პარლამენტის გამოკლებულ წევრს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი აქტიურობა, რომ პირველ რიგში, მოვიდნენ და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატი, ხოლო მეორე რიგში კი გამოსცადონ ის საარჩევნო სერვისები, ტექნოლოგიები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია სიახლის სახით სთავაზობს მათ.
ჩვენთვის საყურადღებოა ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისი ხელმძღვანელობა და წევრები, წარმოდგენილები ვართ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. უშუალოდ, ჩვენც ვაკვირდებით არჩევნების მიმდინარეობას და პრაქტიკაში ტექნოლოგიების გამოყენების ფუნქციონირებასა და ადმინისტრირებას, რათა ჩართულ მხარეებთან ერთად, კიდევ ერთხელ ვნახოთ, ხომ არ არსებობს რამე ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენი მხრიდან ყურადღების მიქცევას საჭიროებს დადარჩენილ პერიოდში, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება კიდევ უფრო მეტად დახვეწილი, გაუმჯობესებული, რაც მოგვცემს ჩვენ იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წლის საერთო არჩევნები, სადაც, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება არჩევნების მოდერნიზება, ჩატარდეს ასევე მაღალ პროფესიულ დონეზე“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
№32 გორის და №30 კასპის საარჩევნო ოლქებში, მთლიანობაში, 97 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 134 066 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 75 უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, დანარჩენ უბნებზე კი - აქამდე არსებული მეთოდით.
გორსა და კასპში შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა.