საზოგადოება
01.10.2023 12:32
გორში საქართველოს სახალხო არტისტის შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

გორის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე, საქართველოს სახალხო არტისტის შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

მუსიკოსთა არაერთი თაობის აღმზრდელის ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონია თეატრის წინ გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვარსკვლავის გახსნას მაესტროს შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო უძღვოდა წინ, რომელშიც შალვა მოსიძის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თეატრის ფოეში კი დამთვალიერებელმა შალვა მოსიძის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფოტომასალა იხილა.

შალვა მოსიძის ვარსკვლავი გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დახმარებით გაიხსნა და ღონისძიება გორის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.

ცნობისთვის, შალვა მოსიძე 1967 წლიდან გორის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა. 1970 წელს მან გორის ქალთა გუნდი დააარსა. საგუნდო დირიჟორი, ქორმაისტერი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორია, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის და ზაქარია ფალიაშვილის პრემიები, ღირსების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი.

რაც შეეხება საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს, გორის მუნიციპალიტეტის და გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებითა გაიმართა და 27-დან 30 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

კვირის ამბები