საზოგადოება
01.10.2023 12:08
შუალედური არჩევნები გორში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - ცენტრალური საარჩევნო კომიის თავმჯდომარე

№32 გორის საარჩევნო ოლქში არჩევნები მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, 10 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 3%-ია, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გორში მედიასთან განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები უბნებზე თავად აკვირდებიან არჩევნების მიმდინარეობას და პრაქტიკაში ტექნოლოგიების გამოყენების ფუნქციონირებასა და ადმინისტრირებას.

„1-ელი ოქტომბრის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სამივე მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანად ვიყენებთ საარჩევნო ტექნოლოგიებს. შევახსენებ ამომრჩევლებს გორსა და კასპში, რომ დღეს ისინი აირჩევენ პარლამენტის გამოკლებულ წევრს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი აქტიურობა, რომ პირველ რიგში, მოვიდნენ და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატი, ხოლო მეორე რიგში კი გამოსცადონ ის საარჩევნო სერვისები, ტექნოლოგიები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია სიახლის სახით სთავაზობს მათ.

აღსანიშნავია, რომ 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა და ამომრჩეველს მაშინვე ჰქონდა შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის. მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ყოველგვარი ექსცესების და ხარვეზების გარეშე და მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადება, ამომრჩევლთა ინფორმირებულობა, მნიშვნელოვნად დადებითად აისახება პროცესზე, რაც მოგვცემს ჩვენ ყველას შესაძლებლობას, რომ ეს არჩევნებიც, მსგავსად სხვა წინა არჩევნებისა, მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩავატაროთ.

ჩვენთვის საყურადღებოა ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისი ხელმძღვანელობა და წევრები, წარმოდგენილები ვართ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. უშუალოდ, ჩვენც ვაკვირდებით არჩევნების მიმდინარეობას და პრაქტიკაში ტექნოლოგიების გამოყენების ფუნქციონირებასა და ადმინისტრირებას, რათა ჩართულ მხარეებთან ერთად, კიდევ ერთხელ ვნახოთ, ხომ არ არსებობს რამე ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენი მხრიდან ყურადღების მიქცევას საჭიროებს დადარჩენილ პერიოდში, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება კიდევ უფრო მეტად დახვეწილი, გაუმჯობესებული, რაც მოგვცემს ჩვენ იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წლის საერთო არჩევნები, სადაც, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება არჩევნების მოდერნიზება, ჩატარდეს ასევე მაღალ პროფესიულ დონეზე“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

№32 გორის საარჩევნო ოლქში 68 უბანია გახსნილი და 94 987 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 52 უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით მიმდინარეობს, 16 უბანზე კი ტრადიციულად ხდება ხმის მიცემა.

№30 კასპის საარჩევნო ოლქში კი, 39 079 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 23 უბანზე ელექტრონული, 6-ზე კი ტრადიციული წესით ტარდება.

კვირის ამბები