1-ელ ოქტომბერს, გორი-კასპის ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება. აღნიშნულ ოლქში #32 გორის და #30 კასპის საარჩევნო ოლქები შედის.
გორი-კასპის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: გიორგი სოსიაშვილი (,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) და მამუკა ტუსკაძე (პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“).
№32 გორის საარჩევნო ოლქში 68 უბანია გახსნილი და 94 987 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 52 უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, 16 უბანზე კი ტრადიციულად მოხდება ხმის მიცემა. ოლქში სპეციალური უბანი გახსნილი არ არის, თუმცა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები, სპეციალური სიის საფუძველზე, საკუთარ არჩევანს გორის №12 უბანზე დააფიქსირებენ.
,,ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემის და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 52 საარჩევნო უბანზე ჩატარდება (ამ უბნებზე რეგისტრირებულია ამომრჩეველთა 84 %), 16 უბანზე კი კენჭისყრა აქამდე არსებული წესით გაიმართება, თუმცა, აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
რაც შეეხება იმას, თუ რის მიხედვით განისაზღვრა ტრადიციული და ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურები ამა თუ იმ უბანზე, ეს არის ცესკოს მიერ დადგენილი წესი, რომელმაც განსაზღვრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან 20 კმ-ის რადიუსში მდებარე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ელექტრონული წესით მოხდება, ხოლო დანარჩენ უბნებზე ხმის მიცემის ტრადიციული პროცედურა ჩატარდება“, - განაცხადა #32 გორის ოლქის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა.
№30 კასპის საარჩევნო ოლქში კი 39 079 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოლქის თავმჯდომარის, ნანა ნონიაშვილის ინფორმაციით, 29 საარჩევნო უბნიდან, გორი-კასპის მაჟორიტარის შუალედური არჩევნები 23 უბანზე ელექტრონული, 6-ზე კი ტრადიციული წესით ჩატარდება.
შეგახსენებთ, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა.
დღესვე, გორი-კასპის გარდა, გურჯაანშიც ტარდება რიგგარეშე არჩევნები, სადაც ამომრჩეველი მერს აირჩევს.