საზოგადოება
18.02.2020 13:17
ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტების დასაფინანსებლად რეგიონებში მილიონი ლარი დაიხარჯება

„ახალგაზრდობის სააგენტო“ რეგიონებში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით, საგრანტო კონკურსს აცხადებს. როგორც ცნობილია, კონკურსის ფულადი ფონდი მილიონ ლარს შეადგენს და ათივე რეგიონში თანაბრად განაწილდება. დაფინანსებისას უპირატესობა მიენიჭება წინადადებებს, რომლებიც არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდაზე იქნება ორიენტირებული, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტები გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი იყოს.

საკონკურსო წინადადებების მიღება 2020 წლის 24 თებერვლიდან დაიწყება და 31 მარტამდე გასტანს. ამ პერიოდში კი, ახალგაზრდობის სააგენტო თითოეულ რეგიონში ინდივიდუალურ საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი GMnews-თან საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული შეთავაზება გარკვეული მოტივატორი გახდება ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის და მათ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელი შეთავაზება აქვს ახალგაზრდობის სააგენტოს, ქვეყნის მასშტაბით 20-დან 30-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, თითოეულ რეგიონში კი, 2-3 ახალგაზრდულ ორგანიზაციამდე დაფინანსდება - ეს ციფრი ნამდვილად არ არის ცოტა. ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი ახალგაზრდული ორგანიზაცია ფუნქციონირებს, დარწმუნებული ვარ, მათ მიერ შემუშავებული პროექტები დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს და ჟიურის მოწონებასაც დაიმსახურებს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გორში ნამდვილად აქტიური, ნიჭიერი, წარმატებაზე ორიენტირებული და მოტივირებული ახალგაზრდები გვყავს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას დიმიტრი გოგიაშვილმა.

საგრანტო კონკურსს ახალგაზრდობის სააგენტო სამწლიანი რეფორმის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც ევროპული მოდელით შეიქმნა და არაფორმალური განათლების გზით, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

კვირის ამბები