საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. მსმენელის წინაშე, დღეს, 28 სექტემბერს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა, ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო საგუნდო კაპელა წარსდგებიან. ფესტივალს გორის თეატრი მასპინძლობს.
„გორში, საგუნდო მუსიკის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს. ფესტივალი დიდი მაესტროს, შალვა მოსიძის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც საერთაშორისოდ აღიარებული გორის ქალთა კამერული გუნდის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. სწორედ აღნიშნული გუნდის არსებობა იყო წინაპირობა პირველად საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალის დაარსებისა.
ღონისძიება უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენა იყო არა მარტო გორისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, ამიტომ აღსანიშნავია, რომ გორი 5-წლიანი პაუზის შემდეგ საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს ისევ მასპინძლობს“, - აცხადებენ გორის თეატრში.
შეგახსენებთ, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გორის თეატრის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი 30 სექტემბერს დასრულდება.