წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტრომ 2300-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი განსაზღვრა, - ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფომ, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წამლის ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მედიკამენტების რეალიზაცია აიკრძალა.
„ცვლილება მედიკამენტების ღირებულებას, საშუალოდ, 40 %-ით შეამცირებს. რეფორმის მიზანი კი მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე დანახარჯის შემცირებაა“, - აცხადებენ სამინისტროში.
მედიკამენტების ჩამონათვალის და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული:
https:// referenceprice. moh. gov. ge/ ui/#/ main
შეგახსენებთ, სახელმწიფომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა.