კონფლიქტები
18.02.2020 12:52
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული წარწერების მქონე მედიკამენტების მოხმარება იზღუდება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმ მედიკამენტების მოხმარება იზღუდება, რომლებსაც ქართული წარწერები აქვს. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქართულწარწერებიანი მედიკამენტების ამოღება ცხინვალის სამომხმარებლო ქსელიდან რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების ეს გადაწყვეტილება მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ და როგორც ქართველები, ასევე უამრავი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად, ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან. ეს ახალი არაა, მაგრამ საუბედუროდ, ახალი გამოვლინებები აქვს, რომლებსაც ასობით და ათასობით ადამიანზე აქვს გავლენა. ის, რომ ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს რამდენიმე დღის წინ და დღესაც გრძელდება, პირდაპირაა მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და არა მხოლოდ ქართველები, არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება. ეს წამლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. ამ პრინციპით იქ მცხოვრები ადამინების სასიცოცხლო ინტერესების და საჭიროებების უგულებელყოფა და მათი გაწირვა ხდება“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კვირის ამბები