სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, გორში, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მემორიალთან იმყოფებოდნენ აფხაზეთის ომში მონაწილე ვეტერანებიც.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს 30 წლის წინ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები და პატივი მიაგეს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულთა სულების ხსოვნას.
„27 სექტემბერი მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა.
ამ დღის შემდეგ ათასობით ადამიანმა დაკარგა სახლი და საკუთარ სამშობლოში იქცა დევნილად. დაიღუპა უამრავი ადამიანი, როგორც მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე მებრძოლი ჯარისკაცი.
დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ისინი და პატივი მივაგეთ გარდაცვლილთა ხსოვნას.
საქართველო მშვიდობიანი გზით, აუცილებლად დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
1992-1993 წელს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 30 წლის წინ მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.