ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხვალ, 28 სექტემბერს, ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი და კატა) უფასო ვაქცინაციას, ტრადიციულად, ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს, ხოლო ვაქცინაცია სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.
„ცოფი ადამიანის და ცხოველის საშიში ინფექციური დაავადებაა. თუმცა, მისი პრევენცია შესაძლებელია. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია - ყველა ერთისთვის, ერთის ჯანმრთელობა ყველასთვის! ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ვაქცინაციით ვიცავთ როგორც მათ, ასევე ჩვენი და გარშემომყოფების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - აცხადებენ სააგენტოში.
უფასო ვაქცინაცია 28 სექტემბერს 11:00-16:00 საათებში, შიდა ქართლის მასშტაბით, შემდეგ მისამართებზე ჩატარდება:
გორი - ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ქარელი - თამარ მეფის ქ. №24 (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
კასპი - სააკაძის N115 (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ოფისის შენობა);
ხაშური - ტაბიძის ქ.№2 (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა).
ცნობისთვის, ცოფი ანუ ჰიდროფობია - მწვავე სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით მიმდინარეობს და როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო თარიღს 2013 წლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობით უერთდება.