საზოგადოება
27.09.2023 11:20
მოქალაქეებისთვის საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გაცნობა გრძელდება

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს გორში გამართული „დასაქმების ფესტივალი 2023“-ის მონაწილეები გაეცნენ, - ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია როგორც 1-ელი ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე, ისე 2024 წლის პარლამენტის არჩევნებში ნერგავს.

„1-ელი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს და მოქალაქეებს საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს პირადად აცნობს. 19 სექტემბრიდან ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს ხვდებიან. აღნიშნულის პარალელურად, გორის იუსტიციის სახლში განთავსებულია ელექტრონული საარჩევნო აპარატები და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყველა მსურველს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მათი მუშაობის პრინციპის და უპირატესობების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, კვირას, 1-ელ ოქტომბერს გორის და კასპის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მოსახლეობა არჩევანს მაჟორიტარობის ორ კანდიდატს - მამუკა ტუსკაძეს (პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“) და გიორგი სოსიაშვილს („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) შორის გააკეთებს.
კვირის ამბები