სამართალი
04.10.2019 14:59
არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობაში 5 თვეში 110 მშობელი ამხილეს

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხილებულ იქნა 110 პირი, 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი. აღნიშნული შემთხვევებიდან 79% შემთხვევაში პირი დააკავეს.

აღნიშნულ შემთხვევებში, ძირითადად ადგილი ჰქონდა სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.

რაც შეეხება უგულებელყოფას, შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში - სხვა პირმა.

უგულებელყოფა გამოიხატა ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში და ა.შ. (მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა).

უწყების ცნობით, 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც არა ძალადობის გახშირებულ შეთხვევებზე, არამედ ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან კი, მიმართვიანობა კვლავ დაბალია.

კვირის ამბები