საზოგადოება
26.09.2023 14:25
გორის მუნიციპალიტეტის მერია 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს - დოკუმენტაციის წარდგენა 14 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

სტუდენტებს, რომლებმაც 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 100 %-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს, გორის მერია დააჯილდოებს, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადამ გადაიწია და 4 ოქტომბრის ნაცვლად, 14 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.

გორის მერიის ინფირმაციით, ინიციატივა სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას ეხება: გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს და გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოუწიათ სწავლა.

„დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი) ცნობა, საჯარო ან კერძო სკოლიდან სწავლის დამადასტურებელი ცნობა, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100 %-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ცნობა, საბანკო ანგარიშის ნომერი.

დევნილის სტატუსის შემთხვევაში კი, გორის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივი მისამართის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინონ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარესებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული სამმართველოდან (ქ. გორი, სამების №1)“, - აცხადებენ გორის მერიაში.

შეგახსენებთ, მერია წარმატებული სტუდენტების წახალისებას „საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების 2023 წლის პროგრამის" ქვეპროგრამის „სკოლის გარეშე განათლების ხელშეწყობა და დაფინანსება/თანადაფინანსების“ ფარგლებში გეგმავს.
კვირის ამბები