საზოგადოება
25.09.2023 17:18
კვირას, 1-ელ ოქტომბერს გორის და კასპის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - მოსახლეობა მაჟორიტარს ორ კანდიდატს შორის აირჩევს

გორის და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს მოსახლეობა პირველ ოქტომბერს აირჩევს.

№32 გორის საარჩევნო ოლქში 68 უბანია შექმნილი. მათ შორის, 52 უბანში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, ხოლო 16-ში, ტრადიციულად მოხდება ხმის მიცემა. ოლქში არ არსებობს სპეციალური უბანი, თუმცა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები სპეციალური სიის საფუძველზე საკუთარ არჩევანს გორის №12 უბანზე დააფიქსირებენ.

როგორც „გორის მაცნესთან“ №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, 1-ელ ოქტომბერს  შუალედური არჩევნებისთვის მზადება თითქმის დასრულებულია. მალხაზ მირუაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მასობრივი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორ უნდა გააკეთოს არჩევანი მოქალაქემ. რამდენიმე ლოკაციაზე განთავსებულია მობილური ჯგუფები, სადაც დაინტერესებული პირები არჩევნების ჩატარების ტექნიკას ეცნობიან.

„№32 გორის საოლქო საარჩევნო ოლქში 94 987 ამომრჩეველია, მათგან 84 % საკუთარ არჩევანს ელექტრონული წესით დააფიქსირებს.

სიახლეა ის, რომ აღნიშნულ არჩევნებზე ელექტრონულ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, რამაც გაამარტივა საარჩევნო პროცესი. აქედან გამომდინარე, გორის ოლქში რამდენიმე უბანი გაერთიანდა და თითოეულ უბანზე 3000-მდე ამომრჩეველი გააკეთებს არჩევანს.

ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემის და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 52 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, ხოლო 16 უბანზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით გაიმართება, თუმცა, აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

რაც შეეხება იმას, თუ რის მიხედვით განისაზღვრა ტრადიციული და ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურები ამა თუ იმ უბანზე, ეს არის ცესკოს მიერ დადგენილი წესი, რომელმაც განსაზღვრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან 20 კმ-ის რადიუსში მდებარე საარჩევნო უბნებში ხმის მიცემა ელექტრონული წესით მოხდება, ხოლო დანარჩენ უბნებში ხმის მიცემის ტრადიციული პროცედურა ჩატარდება“, - აღნიშნა მალხაზ მირუაშვილმა.

რაც შეეხება №30 კასპის საარჩევნო ოლქს, ხელმძღვანელის, ნანა ნონიაშვილის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები 29 უბანზე ჩატარდება, მათ შორის 23 უბანზე ელექტრონული, 6-ზე კი ტრადიციული წესით. მთლიანობაში №30 კასპის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 39 079 ამომრჩეველი.

2023 წლის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე გორის და კასპის ოლქში ამომრჩეველს ორ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება: 34-ე ნომრით დარეგისტრირებულია მამუკა ტუსკაძე (პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“) და 41-ე ნომრით - გიორგი სოსიაშვილი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“).

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა.

კვირის ამბები