გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ჰიდროცეფალიით, ან ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელებით არიან დაავადებულები, გორის მერიისგან, ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ. გარდა იმისა, რომ მერიის სოციალური დახმარების გაცემის წესი ზემოხსებული დავაადების მატარებლების სამკურნალო ხარჯების (500 ლარი) დაფინანსებას ითვალისწინებს, დოკუმენტში შეტანილი ცვლილების თანახმად, დაავადებულებს, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით, 500 ლარი გადაეცემათ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ჩიხრაძე GMnews-თან აცხადებს, რომ აღნიშნულ ცვლილებას წინ უძღვოდა ზემოხსენებული დაავადების მატარებელი მოქალაქეების მიმართვიანობა. „სოციალრი დახმარების გაცემის წესში მოქმედებს მეხუთე მუხლი, რომლითაც სხვადასხვა გამოხატულების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობდნენ და იღებდნენ სამედიცინო დახმარებას, ზოგიერთი მათგანი კი, ამავდროულად, ერთჯერად ფულად შემწეობასაც იღებდა. სწორედ ამ უკანასკნელს დაემატა ორი კატეგორია და ამიერიდან, ჰიდროცეფალიითა და ხმელთაშუა ზღვის ცხელებით დაავადებულები სამედიცინო დახმარებასთან ერთად, ერთჯერად ფულად შემწეობასაც მიიღებენ“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ჩიხრაძემ.
დავით ჩიხრაძის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდროცეფალიითა და ხმელთაშუა ზღვის ცხელების დიაგნოზით, მერიის სოციალური დამხარებით 30-32 მოქალაქე სარგებლობს.