მწერალთა სახლი ლიტერატურული პრემიის „მუზა“ მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.
ორგანიზაციის ცნობით, კონკურსში მონაწილეობა საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრირებულ გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს შეუძლიათ. კონკურსი არ ვრცელდება სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურაზე.
გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან: წლის საუკეთესო რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, დოკუმენტური პროზა/ესე, დებიუტი (აღმოჩენა), თარგმანი, კრიტიკა/რეცენზია, პიესა/ინსცენირება, ინოვაციური ლიტერატურული პროექტი, წიგნის საუკეთესო დიზაინი და ჯილდო ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს ხუთკაციანი კომპეტენტური ჟიური.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ფულად პრემიასთან ერთად, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზას“ მიხედვით შექმნილი ქანდაკებები და სიგელები გადაეცემათ. ერთი და იგივე პირი, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემიას თითოეული ნომინაციისთვის მიიღებს.
„ლიტერატურული კონკურსის მიზანი ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.